1 2 3 4 5
აკაკი შულაია, ლაშა ჩალაძე და დავით კუპატაძე მარტვილის "მერანში" ითამაშებენ
 მარტვილის "მერანის" ძირითადი ბირთვი არ იშლება და ფეხბურთელების დიდი ნაწილი კლუბთან თანამშრომლობას აგრძელებს - უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი გუნდის გულშემატკივრებისთვის ეს სასიამოვნო სიახლე "მერანის" პრესატაშე ედემ ელერჯიამ გაგვანდო.

 "კარგია, რომ ჩვენი გუნდის ლიდერები რჩებიან და გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას შეეცდებიან. ესენი არიან: ზურაბ მამალაძე, სერგი ორბელაძე, კიჭი მელიავა, ანდრია გიორგაძე, აკაკი წყაროზია, ვანო ხაბელაშვილი, შოთა ჯიქია, ბენჟამინ ტეიდი, ნიკა საბანაძე... ეს "მერანში" დამრჩენი ფეხბურთელების არასრული სიაა. საქმე ისაა, რომ უახლოეს დღეებში, კლუბის ხელმძღვანელობა
თანამშრომლობის
 გაგრძელებაზე კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაელაპარაკება და მათი საკითხიც გაირკვევა", - ამბობს ელერჯია.

 ნიკა საბანაძემ, რომელიც ერთი ხანობა ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი გახლდათ, აგვიხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა გუნდში დარჩენა.

 "ფრიდონ ინჯიას სურს, რომ გუნდი გააძლიეროს და გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ უმაღლეს ლიგაში აუცილებლად დავბრუნდეთ.

 სხვათა შორის, ახლა, შესაძლოა, შემდეგ წელს გასამართავ PRO ლიგა A-ში მოხვედრა პირველი ლიგიდან უფრო გაგვიადვილდეს, ვიდრე უმაღლეს ლიგაში დარჩენის შემთხვევაში - იქიდან 4 გუნდი გავარდება და ძალიან რთული ჩემპიონატი იქნება. მე კი აქეთ-იქით სირბილს სტაბილურ გარემოში ვარჯიში და თამაში მირჩევნია", - ამბობს საბანაძე.

 ელერჯიას თქმით, მარტვილის "მერანში" რამდენიმე ცნობილი ახალწვეულია:

 "გუნდს შემტევი ნახევარმცველი აკაკი შულაია დაუბრუნდა, რომელიც იჯარით ჯერ "ცხინვალში", ხოლო შემდეგ ბოლნისის "სიონში" თამაშობდა.

 მარტვილში კიდევ ერთი ექსმერანელი, ნახევარმცველი ლაშა ჩალაძე ითამაშებს, რომელმაც დასრულებული სეზონი ქობულეთის "შუქურაში" გაატარა.

 კიდევ ერთი ახალწვეული მეკარე დავით კუპატაძეა, რომელიც "ზესტაფონში", "ტორპედოსა" და ბოლოს საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა. გაძლიერების პროცესი გრძელდება და უახლოეს დღეებში "მერანის" მორიგ ახალწვეულთა გვარებსაც გაგიმხელთ".

 კარგია, რომ "მერანის" ხელმძღვანელობამ ხელები არ ჩამოუშვა და ძლიერდება. იმედია, ასეთი მიდგომით "მერანი" უმაღლეს ლიგაში დაბრუნდება და ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მერაბ მამულაშვილი
მერანი-ცხინვალი 2:3 - მარცხი ბრძოლაში, ანუ, როცა წაგება იმედს იძლევა...

სეზონის დაწყების წინ "მერანში" მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, ხოლო ძირითად შემადგენლობაში მათი ადგილები დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებმა დაიკავეს. ახალი ფორმაციის "მერანში" საკმაოდ ნიჭიერი, თუმცა გამოუცდელი ახალგაზრდები არიან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის წლევანდელი ჩემპიონატი სადებიუტოა. 

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მოულოდნელი არაა, რომ გუნდი ჯერჯერობით შედეგს ვერ აჩვენებს.

"ცხინვალმა" ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. მასპინძლები კი მოედანზე მოტივირებულები გამოვიდნენ და საწყისი წუთებიდანვე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას. ანგარიშის გახსნის ჩინებული შანსი ხელიდან გაუშვა ლაშა ჯღამაიამ, რომლის ეფექტური დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. 

გოლი მერანელებმა მაინც გაიტანეს - ლევან კუტალიას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება გიორგი პაჭკორიამ შეუცვალა - 1:0.

ამის შემდეგ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა და ნიკა კაჭარავა ორჯერ იყო მიზანთან ახლოს - პირველ შემთხვევაში დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა, შემდეგ კი დასწრებაზე მეკარე ზარქუას ვერ აჯობა.

ამის მიუხედავად, იმავე კაჭარავამ ტაიმის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე მაინც დაამწუხრა მარტვილელები - სტუმართა შემტევმა რატი ცაცკრიალაშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, შალიკაშვილისა და კაჭარავას ორთაბრძოლა კი ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა - 1:1. 

ადგილობრივი გულშემატკივრები "თავისუფალის" დანიშვნასა და, შესაბამისად, გოლის გაუქმებას ითხოვდნენ - მათი აზრით, თავდამსხმელმა აშკარად თამაშის წესები დაარღვია...

მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში მერანელები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - ცხინვალელთა მორიგი "სტანდარტულისას" მასპინძლებმა საჯარიმოდან ბურთის ხეირიანად მოგერიება ვერ მოახერხეს და ჯერ ცაცკრიალაშვილმა მოარტყა ხარიხას, მოგვიანებით კი დავით მაისაშვილმა ახლო მანძილიდან ბურთს ბადეში მიუჩინა ადგილი - 1:2.

ფრთაშესხმულმა სტუმრებმა კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნეს - ქარდავასა და ივანიშვილის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია - ორივე შემთხვევაში, ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. 

მასპინძელთაგან კი გამოსარჩევია ახალბედა ლევან წოწონავას დარტყმული. სხვათა შორის, 18 წლის წოწონავას ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

70-ე წუთზე სტუმრებმა მესამეც გაიტანეს - ლექვთაძის კუთხურს კაჭარავას თავური მოჰყვა და თითქოს ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო, თუმცა "მერანი" ბედს არ შეურიგდა, გააქტიურდა და ზედიზედ რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა. 

73-ე წუთზე შეცვლაზე შესულ იმედა აშორტიას აშკარად არ გაუმართლა. ის შესანიშნავი სოლო-რეიდით გასცდა რამდენიმე მცველს და ძლიერადაც დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ. ორიოდე წუთში კი ცაცკრიალაშვილის თავური აისხლიტა ძელმა.

83-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა მარტვილელებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს: მარჯვენა ფრთაზე ჯღამაიამ გაილაღა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ვასიკო გოგოლიძემ დაასწრო და მოხდენილი დარტყმით ნადირაძე უშანსოდ დატოვა.

ბოლოსკენ, ისევ არბიტრის თემა გააქტიურდა - მარტვილელები ბაკურ ნინუას ბოლო წუთებში იმ ეპიზოდის გამო შემოსწყრნენ, როცა ჯღამაიას მიერ კარის სიახლოვიდან ჩაწოდებული ბურთი იქვე მყოფ სტუმართა მცველს (ერთი შეხედვით, მართლა) მოხვდა ხელზე და მიმართულება შეიცვალა. 

თუმცა პროტესტმა არ გაჭრა და მატჩიც აქ დასრულდა...

საქართველოს XXVII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ტური
22.08. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 1000 მაყურებელი
მერანი-ცხინვალი 2:3
გოლები: 1:0 პაჭკორია (16. კუტალიას პასით), 1:1 კაჭარავა (36. ცაცკრიალაშვილის პასით), 1:2 მაისაშვილი (50), 1:3 კაჭარავა (70. ლექვთაძის პასით), 2:3 გოგოლიძე (83. ჯღამაიას პასით)
მერანი (4-4-2): ზარქუა - რუხაია, პაჭკორია, შალიკაშვილი (76. გვაზავა), გეგია - წურწუმია (60. აშორტია), ხორგუაშვილი, კუტალია, წოწონავა (72. გოგოლიძე) - ჯღამაია, ციცხვაია.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, თ. ჩხეტია, შალამბერიძე, ფაილოძე
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
ცხინვალი (4-5-1): ნადირაძე - ჭაფოძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე - ქარდავა, მახარობლიძე, ლექვთაძე (83. ლობჯანიძე), ივანიშვილი (90. ცერცვაძე), ცაცკრიალაშვილი (77. ბოლქვაძე) - კაჭარავა.
სათადარიგოები: კერესელიძე, ბურძენაძე, ბაჩიაშვილი, გიგაური
მწვრთნელი: გოჩა ჩიქოვანი
გაფრთხილება: ქარდავა (29), კუტალია (54), ჯღამაია (73)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელო“                 

ბესიკ  გვაზავა მარტვილიდან                                                                                                                                     

ნიკა საბანაძე: ბევრ გოლს გპირდებით!

 მარტვილის "მერანმა" მეორე წრეში თითქმის შეცვალა შემადგენლობის ძირითადი ბირთვი და ისეთ კონტინგენტს მოუყარა თავი, რომ მეორე წრის დაწყებისთანავე, ეს გუნდის შედეგებზეც აისახა.

ახალ ფეხბურთელებს შორისაა 24 წლის თავდამსხმელი ნიკა საბანაძე, რომელიც ქართულმა საფეხბურთო სამყარომ ქუთაისის "ტორპედოდან" გაიცნო. შემდეგ იყო "ზესტაფონი", სადაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ამას გარდა, საბანაძემ ითამაშა თბილისის "დინამოში", "საბურთალოში", ბოლოს კი უკრაინულ კლუბში ვარჯიშობდა... 

საბანაძემ "მერანის" მაისურით უკვე მოასწრო ორი გოლის გატანა. დღეს ის "ლელოს" რესპონდენტია...

- მოდით, ჯერ იმაზე გვითხარით, თუ როგორ მოხვდით "მერანში"...
- უკრაინაში ვიყავი და "დნეპრში" უნდა გამეგრძელებინა კარიერა, მაგრამ ფინანსური საკითხების გამო ვერ შედგა ჩემსა და უკრაინულ კლუბს შორის შეთანხმება. სწორედ ამ დროს დამიკავშირდა "მერანის" მთავარი მწვრთნელი ბადრი კვარაცხელია, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ და თავის გუნდში თამაში შემომთავაზა. მეც სიამოვნებით დავთანხმდი.

- როგორ გაიარეთ ახალ კლუბში ადაპტაცია?
- ნორმალურად. ბიჭებიდან ზოგიერთს ადრეც ვიცნობდი. მოკლედ რომ გითხრათ, კარგი ატმოსფეროა, მეგობრული... გუნდში ერთსულოვნებაა, ერთ მუშტად ვართ შეკრულნი. ეს, პირველ რიგში, გუნდისთვისაა კარგი. ვარჯიშებიც კარგი გვაქვს და პირობებიც. ახლა მთავარია, უმაღლეს ლიგაში დავრჩეთ.

- და როგორ გგონიათ, შეძლებს "მერანი" ამ რთული ამოცანის შესრულებას?
- გვჯერა, რომ შევძლებთ. ახლა რა თამაშებიც ვითამაშეთ, მეორე წრეს ვგულისხმობ, ყველა მეტოქე პირველი ხუთეულიდან იყო. "დინამოსთან" შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ყველა სხვა მატჩი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ და ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა შეგვიძლია. 

ყველაზე დასანანი მარცხი "სამტრედიასთან" განვიცადეთ, ფორტუნამ გვიმტყუნა და ბევრი რეალური შანსი ვერ გამოვიყენეთ, მართლა არ იყო წასაგები თამაში.

- პირადად თქვენც რამდენიმე იდეალური შანსი გქონდათ...
- სამწუხაროდ, მომენტები ვერც მე გამოვიყენე, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი ბიჭებს, სტაფს და "მერანის" გულშემატკივრებს... ახლო მომავალში აუცილებლად გამოსწორდება საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემა. 

დარჩენილ თამაშებში ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად, შინ იქნება თუ გარეთ, ყველგან 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ. შანსები არის, ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი...

- როგორია მარტვილში საფეხბურთო გარემო, გულშემატკივრობა?
- დადებითი ატმოსფეროა, ძალიან გვეხმარება ადგილობრივ ქომაგთა გვერდში დგომა. დასწრების მხრივაც გამოირჩევა მარტვილი. გულშემატკივარს ბევრ გოლსა და კარგ თამაშებს ვპირდები. მინდა, იმედები გავუმართლო ამ ხალხს.

- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ თუ აპირებთ "მერანში" დარჩენას?
- დიდი სიამოვნებით. ვნახოთ, დავსხდებით, დავილაპარაკებთ კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად და თუ შევთანხმდებით, სიამოვნებით დავრჩები... ჯერჯერობით კი, ჩემი მთავარი საფიქრალია, ამ გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დავეხმარო, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ღმერთის წყალობით. 

საქართველოს პირველობის დონეზე ძალიან კარგი კონტინგენტია შეკრებილი, გვყავს კარგი მწვრთნელი და ხელმძღვანელობა, ამდენად, არ გვეკადრება, რომ უმაღლესიდან გავვარდეთ. 

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერანელებმა დევიზ დარჯანია მოინახულეს

 

მარტვილს უმაღლეს ლიგაში გუნდი არასდროს ჰყოლია, თუმცა იყვნენ მარტვილელი ფეხბურთელები, რომლებმაც სახელი საქვეყნოდ გაითქვეს. ერთ-ერთი გახლავთ სპორტის ოსტატი დევიზ დარჯანია, რომელიც სხვადასხვა დროს მარტვილის „სალხინოს“, თბილისის „დინამოსა“ და სამტრედიის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა, თუმცა მის კარიერაში ყველაზე ნაყოფიერი ქუთაისის „ტორპედოში“ თამაში იყო, სადაც მან საყოველთაო აღიარება მოიპოვა. დევიზ დარჯანიას კაპიტნობით რიონისპირელებმა 1982 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის საგზური დაიმსახურეს. ჩემპიონატში გატანილი 18 გოლით კი იგი ბომბარდირი გახდა.

ამჟამად დევიზ დარჯანია მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში ცხოვრობს. დიდი ხანია ავადმყოფობს, გადაადგილება უჭირს. ნაახალწლევს ვეტერანი ფეხბურთელი მერანელებმა მოინახულეს, შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ემილ გალდავა („მერანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეტერანი ფეხბურთელი): „...ერთხელ სამტრედიას მოსკოვის „დინამო“ ეწვია. ვალერი გაზაევმა და მისი თანაგუნდელებმა მასპინელებთან ვერაფერი გააწყვეს. მატჩის ბედი ზუსტი, ყუმბარისებული დარტყმით დარჯანიას მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. იმ სიშორიდან გაუტანა დევიზ დარჯანიამ პილგუის, ბარემ მარტვილიდან დაგერტყა, რას მოდიოდი ბიძიაო, დაუძახეს ტრიბუნებიდან...  უდავოა, დევიზი დიდი ფეხბურთისთვის დაიბადა, სადაც კი უთამაშია, ყველგან ლიდერი გამხდარა. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით „სალხინოში“. მინდა, გუნდის სახელით ახალი წელი მივულოცო ღირსეულ პიროვნებასა და შესანიშნავ ფეხბურთელს, ვუსურვებ გამოჯანმრთელებასა და დიდხანს სიცოცხლეს.

 

 ბესიკ  გვაზავა მარტვილიდან                                                                                                      ყოველდღიური სპორტული გაზეთი „ლელო“

 

 

მერანი-შუქურა 1:2 - არბიტრის როლი

"მერანი" მიმდინარე სეზონს ძალზე არასტაბილურად ატარებს. მარტვილელებმა ერთადერთი და ჯერჯერობით უკანასკნელი 3 ქულა დაახლოებით ერთი თვის წინათ, მათი ამჟამინდელი დამრიგებლის, ბადრი კვარაცხელიას მიერ გაწვრთნილი "გურიის" წინააღმდეგ მოიპოვეს. კვარაცხელიას მარტვილური დებიუტი კი ქობულეთის "შუქურასთან" შედგა...

თამაში "მერანის" იერიშებით დაიწყო. ცოტა ხანში "შუქურაც" გააქტიურდა, თუმცა სახიფათო დარტყმამდე საქმე არ მიდიოდა. რამდენიმე იოლი ბურთის მოგერიება მეკარეებს არ გასჭირვებიათ. მათგან დასამახსოვრებელი კუტალიას ჩინებული გადაცემის შემდეგ დათა ციცხვაიას თავური იყო, მცირე მანძილით რომ ასცდა ჯიოევის კარს.

25-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც გაიტანეს: კუტალიას აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ბურთი უკანასკნელად სტუმართა მცველ ბაგაევს მოხვდა და კარის ბადეც შეირხა - 1:0.

ტაიმის შუა პერიოდში მოედანზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გუნდები ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებასა და ბურთზე კონტროლის დაწესებას ცდილობდნენ. მე-40 წუთზე ექსმერანელმა ლევან გეგეჭკორმა შესანიშნავი სოლო-რეიდი განახორციელა, რომელიც პუკანიჩის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. გეგეჭკორმა ამ ეპიზოდში ადგილობრივი პუბლიკის აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

ორიოდე წუთში მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშის ორამდე გაზრდა - მარჯვენა ფრთიდან პაპადოპულოსის ჩაწოდებულს კუტალია გამოეხმაურა, თუმცა მიზანმა ოდნავ უმტყუნა. სტუმრებმა მასპინძლებს რეალური მომენტის გაფლანგვა არ აპატიეს და დასაჯეს კიდეც - ჩელებაძის მიერ ძლიერად შესრულებული "სტანდარტი" ჯერ ძელს, შემდეგ მეკარე ზარქუას ზურგზე მოხვდა და კარში შეგორდა - 1:1.

მეორე ტაიმში მოედანზე, როგორც საფეხბურთო, ისე არასაფეხბურთო თვალსაზრისით, ბევრი რამ მოხდა. ყველაფრის დეტალურად აღწერას, რასაკვირველია, არ შევუდგებით. თუმცა ფაქტია, რომ "ტემპერატურის მომატებაში" გარკვეული როლი მატჩის არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმაც ითამაშა.

მანამდე კი ანგარიშში კორექტივის შეტანა ორივე გუნდს შეეძლო. ჯერ სტუმართა შემტევი კერძევაძე აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ზარქუას ვერ აჯობა. მოგვიანებით კი "მერანს" ორჯერ ჰქონდა დაწინაურების შანსი - აშორტიას მიერ ძლიერად დარტყმული უზუსტო გამოდგა, ხოლო კუტალიას კუთხურიდან ბურთი ძელს მოხვდა.

რაც შეეხება მარტვილელთა პრეტენზიებს, მათი აღშფოთება პირველად 78-ე წუთზე მარაქველიძის გაძევებამ გამოიწვია. გულშემატკივრების აზრით, ხარიტონაშვილს "ბოლო იმედის" ჯარიმა არ უნდა დაეფიქსირებინა, რადგან ამ ეპიზოდში სტუმართა თავდამსხმელი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მღელვარებამ პიკს მატჩის ბოლო წუთებზე მიაღწია: ერთ-ერთმა ქობულეთელმა მოედნის ცენტრის სიახლოვეს წურწუმია წააქცია, წამოდგომისას კი ხელი ჰკრა. ეპიზოდს ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. არბიტრმა კამათში აქტიურად მონაწილე "შუქურას" ორი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით, ხოლო "დაზარალებული" წურწუმია... წითელი ბარათით დასაჯა (რაც ავტომატურად მოჰყვა მეორე ყვითელ ბარათს).

9 კაცით დარჩენილი "მერანისთვის" კომპენსირებული დრო ჯოჯოხეთური გამოდგა. სტუმრები მთელი ძალებით წავიდნენ წინ. შეტევებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეორე ტაიმში შესულმა ფეხბურთელებმა შარიქაძემ და ლობჯანიძემ. ამ უკანასკნელმა მაღალ ბურთზე მეკარის შეცდობით ისარგებლა და თავური დარტყმით, ზედ საფინალო სასტვენის წინ გამარჯვებისა გაიტანა - 1:2.

ამრიგად, "შუქურამ", სხვადასხვა ფაქტორის შეჯერებით, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფება, "მერანი" კი, ბრძოლისუნარიანობის მიუხედავად, ქულებს თავს ვერაფრით უყრის და ცხრილის ფსკერზეა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VIII ტური
17.10. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-შუქურა 1:2
გოლები: 1:0 ბაგაევი (26-საკ. კარში), 1:1 ჩელებაძე (45), 1:2 ლობჯანიძე (90+3)
მერანი (4-4-2): ზარქუა - მარაქველიძე, შალიკაშვილი, ი. ციცხვაია, გეგია - გაზდელიანი (56. აშორტია), გვაზავა, წურწუმია, პაპადოპულოსი - კუტალია (90. ჯღამაია), დ. ციცხვაია (85. რუხაია).
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, შალამბერიძე, პაჭკორია, გოგოლაძე
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
შუქურა (4-3-2-1): ჯიოევი - გეგეჭკორი, ბაგაევი, ჭეიშვილი, ჩალაძე - თარხნიშვილი, პუკანიჩი (56. შარიქაძე), წიქარიძე (42. ურიდია) - დოლიძე (83. ლობჯანიძე), კერძევაძე - ჩელებაძე.
სათადარიგოები: სტურუა, კომახიძე, ცხოვრებოვი, გეწაძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
გაფრთხილება: წურწუმია (61), კუტალია (74), ბაგაევი (81), შალიკაშვილი (84), თარხნიშვილი (90), ურიდია (90)
გაძევება: მარაქველიძე (78), წურწუმია (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 7

მომდევნო, IX ტური
23 ოქტომბერი, პარასკევი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-ცხინვალი
გურია-დინამო (ბთ)
სიონი-დილა
სამტრედია-ტორპედო
შუქურა-ზუგდიდი

24 ოქტომბერი, შაბათი
საპოვნელა-მერანი

25 ოქტომბერი, კვირა
ლოკომოტივი-საბურთალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბესიკ გვაზავა

მერანი-ტორპედო 2:1 - ვისთვის სასიამოვნო, ვისთვის უსიამოვნო ტრადიცია

 

 პირველი წრის მიწურულს ვივარაუდეთ, რომ ზამთრის შესვენებისას "მერანში" რადიკალური და პოზიტიური ცვლილებები განხორციელდებოდა. ასეც მოხდა, გუნდი საინტერესო სატრანსფერო პოლიტიკით გამოირჩა და გვარიანადაც გაძლიერდა. ბადრი კვარაცხელიამ, ფაქტობრივად, მთლიანად გადაახალისა შემადგენლობა. მარტვილში დაბრუნდნენ ადგილობრივები, რომლებიც განათხოვრების წესით, სხვადასხვა კლუბში ასპარეზობდნენ; დაიმატეს ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები. ამასთან, "მერანმა" გაიარა უცხოური შეკრება, სადაც საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს დაუპირისპირდა...

აქედან გამომდინარე, თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ტორპედოს" უკრაინელ სპეციალისტ ალექსანდრ შტელინს მარტვილში რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევდა - ქუთაისელთა მიზანი ხომ ბევრად უფრო ამბიციურია, ვიდრე მოკრძალებული "მერანისა". მატჩს ინტრიგას ის ფაქტიც მატებდა, რომ ქუთათურებს უშუალოდ მარტვილში არასოდეს მოეგოთ. ბუნებრივია, ისინი ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასაც ლამობდნენ...

მასპინძლებმა მოედნის ცენტრში უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვეს და კომბინაციური თამაშის წყალობით მალევე დაწინაურდნენ: მელიავას მიერ მარჯვენა ფლანგიდან გაკეთებულ გამჭოლ გადაცემას ხაბელაშვილი გამოეხმაურა და თავისიანები დააწინაურა. 

სწრაფმა გოლმა მერანელებს ფრთები შეასხა, ისინი ზომიერად და საკმაოდ სახიფათოდ უტევდნენ. მე-10 წუთზე ბესიკ ჩიმაკაძეს შეეძლო ანგარიშის ორამდე გაზრდა, თუმცა როინ კვასხვაძეს ვერ აჯობა. ცოტა ხანში კი გია ნერგაძემ შეძლო საკუთარ საჯარიმოში დაძაბულობის განმუხტვა.

ტაიმის ბოლომდე გუნდებმა მომენტები გაცვალეს - ჯერ კლიმიაშვილის ჩამოწოდებულ ბურთს ნერგაძემ შეუცვალა მიმართულება (მეკარემ უკუაგდო), მოგვიანებით კი ჯღამაიას "ნასროლი" ასცდა მიზანს.

ტორპედოელთა დამრიგებელმა მდგომარეობის გამოსწორება შეცვლებით სცადა. ინერტული ქიმაძისა და ტუღუშის ნაცვლად, მოედანზე შინდაგორიძე და მამასახლისი შემოიყვანა. მატჩში ორივე აქტიურად ჩაერთო და "ტორპედოს" იერიშებიც უფრო სახიფათო გახდა. ხუთწუთიან მონაკვეთში კაპანაძეს ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა. პირველ ეპიზოდში სიზუსტემ უმტყუნა, მოგვიანებით კი მასპინძელთა მცველებმა ითამაშეს დამაჯერებლად.

59-ე წუთზე სტუმართა მრავალსვლიანი შეტევა, დიდხანს 

რომ გაგრძელდა, გოლით დაგვირგვინდა - მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით მშვენივრად ისარგებლა მამასახლისმა და ანგარიში საყაიმო გახადა. ამის შემდეგ "ტორპედოს" არაერთხელ შეეძლო დაწინაურება - კაპანაძის მიერ ახლოდან დარტყმული სასწაულებრივად ასცდა კარს, ხოლო შინდაგორიძეს აშკარად ბედმა აქცია ზურგი...

გულხელდაკრეფილები არც მერანელები ყოფილან. აღსანიშნავია ზაურ გოგუაძის დარტყმა, რომელიც არაზუსტი გამოდგა. 

გადამწყვეტი 78-ე წუთი იყო - მარჯვენა ფრთიდან დაწყებული იერიში ჩიმაკაძეს უნდა ექცია გოლად, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა, გამოვარდნილზე ყველას ვაკო ხაბელაშვილმა დაასწრო და დუბლი გაიფორმა.

დარჩენილ დროში ანგარიშის კორექტირება ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა - უშედეგოდ. ვთქვათ ისიც, რომ ბოლოსკენ მოედანზე ვითარება დაიძაბა და ფეხბურთელებს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, თუმცა არბიტრმა აღელვებული კლიმიაშვილი ყვითელი ბარათით "დაამშვიდა", რამაც სიტუაცია განმუხტა. 

ერთი სიტყვით, ამ საინტერესო და უშეღავათო ბრძოლაში "მერანმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური
19.02. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ხაბელაშვილი (5. მელიავას პასით), 1:1 მამასახლისი (59), 2:1 ხაბელაშვილი (78)
მერანი (4-4-2): მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, კიკნაველიძე - ტეიდი, ჯიქია, ჯღამაია (65. გოგუაძე), ხაბელაშვილი (84. აშორტია) - საბანაძე (90. გაზრდელიანი), ჩიმაკაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, ი. ციცხვაია, გეგია, შენგელია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
ტორპედო (4-4-2): კვასხვაძე, ფანცხავა, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე (46. შინდაგორიძე) - კუხიანიძე, კლიმიაშვილი, ტუღუში (46. მამასახლისი), წილოსანი (82. საღრიშვილი) - ბრეგვაძე, კაპანაძე.
სათადარიგოები: ქვილითაია, ნიკონოვი, კვარაცხელია, ფურცხვანიძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: ტეიდი (34), ქიმაძე (45), ბრეგვაძე (61), მირცხულავა (77), მამასახლისი (87), ჯიქია (87), კლიმიაშვილი (90)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბესიკ გვაზავა
ცხინვალი-მერანი 1:1 - დამსახურებული ქულა

 მეორე წრეში "ცხინვალმა" მეორე მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ; ერთი შეხედვით, ურიგო შედეგი არ უნდა იყოს, თუმცა "ცხინვალი" ლიდერთა ჯგუფშია და ეს დაკარგული ქულებიც სეზონის ბოლოსთვის, შესაძლოა, ძვირადაც დაუჯდეს. 

ფაქტია, რომ გუნდისათვის სერიოზული დანაკლისი აღმოჩნდა პირველი წრის საუკეთესო ბომბარდირის, ნიკა კაჭარავას "როსტოვში" გადასვლა: მართალია, მეორე წრეში კახა კაჭარავას გუნდმა ორ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაინც თვალშისაცემია, რომ გუნდს თავდასხმაში სერიოზული პრობლემები აქვს. ყოველ შემთხვევაში, ცენტრფორვარდის პოზიციაზე გამწესებულ და ამპლუაშეცვლილ გიორგი ივანიშვილს აშკარად უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება პარტნიორებისაგან. 

ასე იყო გუშინდელ მატჩშიც, როცა მასპინძლებმა მატჩის ბოლო 15 წუთი რიცხობრივ უპირატესობაში გაატარეს, მაგრამ მხოლოდ ერთადერთი, ისიც მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნეს: თორნიკე გორგიაშვილის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

სამაგიეროდ, "მერანმა" დაიწყო მეორე წრე წარმატებულად და მარტვილელთა ერთიანად გადახალისებულმა გუნდმაც წინა ტურში მოპოვებულ სამ ქულას კიდევ ერთი გუშინ მიუმატა. თანაც, პირველი ტაიმი, საერთოდაც, სტუმრების დომინირებით წარიმართა და ლაშა ჯღამაიას უკვე მატჩის დასაწყისშივე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა; მერე ბესიკ ჩიმაკაძეს შეეძლო გარკვეული პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატში თავის გამოჩენა, მაგრამ ვარცხნილობაშეცვლილმა ფორვარდმა მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა. 

აი, მასპინძელთა პირველივე შეტევა კი გოლით დასრულდა: "მერანის" გამოცდილმა მეკარემ, ზურაბ მამალაძემ "ცხინვალის" იერიში კარიდან წინ გამოსვლით კი ჩაჭრა, მაგრამ ბურთი ლაშა ქოჩლაძეს მიუვიდა და მასპინძელთა ახალგაზრდა გამთამაშებელმა შორი მანძილიდან ზუსტად დალაშქრა მეკარისაგან დაუცველი კარი. 

აი, ეს იყო მასპინძელთა პირველი და ... უკანასკნელი შეტევა პირველ ტაიმში, მაშინ, როცა სტუმრები გაშვებულ გოლს არ გაუტეხია და ანგარიშიც მალე გაათანაბრეს: მარჯვენა ფლანგიდან კიჭი მელიავამ მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა და შორეულ ძელთან "ჩასაფრებულმა" ვანო ხაბელაშვილმაც უპრობლებოდ გადაგზავნა ბურთი კარში. 

აღსანიშნავია, რომ მეორე წრეში "მერანმა" სამი გოლი გაიტანა და სამივეჯერ გუნდის ახალწვეულმა, ვანო ხაბელაშვილმა იყოჩაღა. 

"მერანს" პირველ ტაიმში კიდევ ჰქონდა ერთი შანსი, თანაც, ძალზე რეალური, მაგრამ მასპინძელთა მეკარემ, გიორგი ნადირაძემ შეძლო და ურთულესი ბურთი აუღო მასთან პირისპირ დარჩენილ ბესიკ ჩიმაკაძეს. 

...ისე, როგორც წინა ტურში, შესვენების შემდეგ "ცხინვალი" ამჯერადაც საგრძნობლად გააქტიურდა და მასპინძელთა თავკაცმა კახა კაჭარავამ ამჯერადაც ეფექტიანი გადაადგილებები მოახდინა: გიორგი ბეჭვაიამ დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, ირაკლი ლექვთაძემ ფლანგი შეიცვალა, ხოლო შეცვლაზე შემოსული ნიკა ჯიშკარიანი თამაშში აქტიურად ჩაერთო; გამორჩეული მატჩი ჩაატარა მასპინძელთა საყრდენმა ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავამ, თუმცა ამ ზეენერგიული ფეხბურთელის მონდომება საკმარისი არ გამოდგა. 

ერთ ეპიზოდში ქარდავამ შორი მანძილიდან ძლიერადაც "დააქუხა", მაგრამ ზურაბ მამალაძემ ეფექტური ნახტომით ბურთი მოიგერია. 

ერთი ჩინებული მომენტი სტუმრებსაც ჰქონდათ, როცა ბენჯამენ ტეიდი ახლო მანძილიდან ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ნიკა ჯიშკარიანმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა. 

საკადრო პრომლემებმოძალებული "ცხინვალი" (ტრავმების თუ დისკვალიფიკაციის გამო დავით მაისაშვილი, ვასიკო ბაჩიაშვილი, უჩა ბურძენაძე, ლევან ჭაფოძე და ახალწვეული ვილი ისიანი რომ აკლდა) ბოლოს მთელი გუნდით შტურმზე გადავიდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში ერთფეროვან მაღალ ჩაწოდებებს შედეგი არ მოუტანია და აუტსაიდერმა "მერანმაც" დამსახურებული ქულა წაიღო თბილისიდან.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
ცხინვალი-მერანი 1:1
გოლები: 1:0 ქოჩლაძე (16), 1:1 ხაბელაშვილი (18. მელიავას პასით)
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე (46. ჯიშკარიანი), კაკუბავა, გორგიაშვილი, ჯაფარიძე - მახარობლიძე, ქარდავა - ბეჭვაია, ქოჩლაძე, ლექვთაძე - ივანიშვილი.
სათადარიგოები: კერესელიძე, ზ. ლობჯანიძე, თოლორდავა, მაღრაძე, ნ. ნოზაძე, ბუტუევი.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
მერანი (4-1-3-2): მამალაძე - მელიავა, ორბელაძე, გიორგაძე, კიკნაველიძე - ტეიდი - ჯღამაია (81. აშორტია), შ. ჯიქია, ხაბელაშვილი - ჩიმაკაძე (65. წყაროზია), საბანაძე (90. გეგია).
სათადარიგოები: ი. ციცხვაია, კენჩხიძე, შენგელია, სევოსტიანენკო
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილება: ქოჩლაძე (25), კაკუბავა (38), საბანაძე (52), გიორგაძე (77), აშორტია (82)
გაძევება: ორბელაძე (77)
არბიტრი: ბ. ნინუა

ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამო (თბ)-მერანი 2:0 - მეტოქე აღარ ჩანს

თბილისის "დინამო" ისე დაწინაურდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე უკვე აღარც ჩანს. ძნელი სათქმელია, ეს გია გეგუჩაძის ჩაყრილი შრომის შედეგია თუ გუნდი მეორე წრეში უდანაკარგოდ იურაი იარაბეკის კარგი მუშაობის წყალობით მიიწევს წინ, მაგრამ ფაქტია - ჯერჯერობით, "დინამოს" სათანადო წინააღმდეგობას ვერც ერთი გუნდი ვერ უწევს...

ასე მოხდა მარტვილის "მერანის" შემთხვევაშიც, რომელმაც მეორე წრეში მდგომარეობა რადიკალურად გამოასწორა და რამდენიმე საფეხურით დაწინაურდა. ამჯერადაც, ბადრი კვარაცხელიას გუნდი ლიდერისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ დინამოელთა კლასმა თავისი გაიტანა.

იარაბეკის გუნდმა თამაში შეტევებით დაიწყო. მეტოქის კარის აღება გიორგი ქვილითაიამ, გიორგი თევზაძემ და ალექსანდრე იაშვილმა სცადეს, შედეგი კი 25-ე წუთზე დადგა - იაშვილმა მშვენიერი გამჭოლი გადაცემით მცველებს შორის ქვილითაია მოძებნა და მეკარესთან პირისპირ დატოვა, ფორვარდმაც შორეულ კუთხეში "მოჭრილი" დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0.

სტუმრებიდან განსაკუთრებით თავდამსხმელი ნიკა საბანაძე და მარჯვენა მცველი კიჭი მელიავა აქტიურობდნენ, მაგრამ თანაგუნდელებმა მათ მხარი ვერ აუბეს. ლერი ხაბელაშვილს წონასწორობის აღდგენის შანსიც ჰქონდა, როცა საჯარიმოში შეაღწია, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

ტაიმის მიწურულს, იაშვილის მეცადინეობით, კიდევ ერთი გოლი გავიდა. კუთხურიდან მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს ქვილითაია ვერ შესწვდა, სამაგიეროდ, ალეკო ამისულაშვილმა ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და - 2:0.

მეორე ტაიმი ფორმალობად იქცა. "მერანს" არ ჰქონდა იმხელა რესურსი, თამაში რომ შემოეტრიალებინა. თავიდან მომენტებს ისევ დინამოელები ქმნიდნენ. მარტვილელთა კარს დაემუქრნენ ლაშა პარუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, იგივე ქვილითაია... მაგრამ მასპინძლები მეორე ტაიმში მაინც დამშვიდებულები ჩანდნენ.

"მერანმა" კი პრესტიჟის გოლისთვის მაინც გაიბრძოლა. ლაშა ჯღამაიამ ორჯერ სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ ლიბორ ჰრდლიჩკას ვერაფერი მოუხერხა. თამაშის ბოლოს ისევ "დინამომ" შეუტია, თუმცა შედეგი არც მიკელ ალვაროს შეტევას მოჰყოლია და არც რენე ფერეირას მცდელობას.

ამ გამარჯვებით თბილისელებმა უშუალო მდევარ გორის "დილას" უკვე 12 ქულით გაუსწრეს და წარმოუდგენელია, ამხელა უპირატესობა გაანიავონ. 

მატჩის შემდეგ
იურაი იარაბეკი (დინამო თბ): "საკმაოდ კარგად ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშეთ, რაც წინა ტურშიც გამოჩნდა, როცა "მერანმა" ძლიერ მეტოქეს აჯობა. დღევანდელი მატჩიც ამის დასტურია, რადგან იოლად არ მოგვიგია. მეორე ტაიმში "მერანი" უფრო თამამად და ორგანიზებულად თამაშობდა, მაგრამ გამარჯვება მეტი მოძრაობისა და სისწრაფის ხარჯზე მოვახერხეთ".

ბადრი კვარაცხელია (მერანი): "სულაც არ ვარ ჩემი გუნდით უკმაყოფილო. მიუხედავად წაგებისა, ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და მეორე ტაიმში მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ "დინამო" უფრო მაღალი კლასის გუნდია და ვერაფერი გავაწყვეთ".

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
06.03. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-მერანი 2:0
გოლები: 1:0 ქვილითაია (25. იაშვილის პასით), 2:0 ამისულაშვილი (40. იაშვილის პასით)
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა, ამისულაშვილი, გ. თევზაძე (64. ალვარო), ჭანტურიშვილი, პარუნაშვილი, ზ. ჭელიძე, კიტეიშვილი (86. ს. ლობჟანიძე), ა. იაშვილი (71. არაბული), გ. ქვილითაია.
სათადარიგოები: 

ბეგაშვილი, გველესიანი, გ. ჯანელიძე, გ. გურული
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
მერანი: მამალაძე, მელიავა, ა. გიორგაძე, ციმაკურიძე, კიკნაველიძე, ჯღამაია, შ. ჯიქია (46. აშორტია), ტეიდი, უგულავა (75. ა. შენგელია), ხაბელაშვილი (64. გეგია), საბანაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, რუხაია, კენჩხაძე, ციცხვაია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
გაფრთხილებები: ხაბელაშვილი (11), ალვარო (65), ჯღამაია (89), ჭანტურიშვილი (89), პარუნაშვილი (89), ციმაკურიძე (89)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 მერაბ მამულაშვილი



გათამაშების ცხრილი
გარეჯი (საგარეჯო) 17 42
კოლხეთი 1913 (ფოთი) 17 31
სპაერი (თბილისი) 17 30
დინამო 2 (თბილისი) 17 28
სიონი (ბოლნისი) 17 27
კოლხეთი (ხობი) 17 27
მერანი (მარტვილი) 17 17
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 17 15
მერანი (თბილისი) 17 12
ლოკომოტივი (თბილისი) 17 9